ამ კანონმა საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს სიმშვიდე ქვეყანაში და მივცეთ ქვეყანას იმის შესაძლებლობა, რომ წყნარ, სტაბილურ ვითარებაში განვითარდეს, ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მის განვითარებაზე, სოციალურ პროექტებზე და ა.შ. - იმაზე, რაც არის მოსახლეობის ინტერესში, - ამის შესახებ გიორგი კახიანმა „იმედის კვირასთან“ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა პროცესები, რომლებიც კანონის მიღებას უძღოდა წინ.
„ერთ მხარეს იყო ძალა, რომელიც ცდილობდა მთლიანად პროცესის დისკრედიტაციას, დისკუსიაში არშემოსვლას და თვითონ ძალიან მარტივი გამოსავალი ნახეს - კანონს დაარქვეს რუსული. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით დაგვენახებინა მათთვის საით არის სწორი მხარე და საით არის სიმართლე. ვფიქრობ, ვისაც ამის დანახვა უნდოდა, დაინახავდა და შემთხვევით არ არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ კანონს დღეს მხარს უჭერს“, - განაცხადა კახიანმა.