ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეზე: როგორ შეიძლება დღეს საუბრობდეს ანაკლიის პორტზე ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი ჩააგდო, დაღუპა ინვესტორები და სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეზე: როგორ შეიძლება დღეს საუბრობდეს ანაკლიის პორტზე ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი ჩააგდო, დაღუპა ინვესტორები და სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა

ანაკლიის პორტის პროექტზე პირადად მე მქონდა საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც 3 წლის წინ და ჩემი მხრიდან ერთგვარი თხოვნაც იყო, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მოწოდება, რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინათ ამერიკულ, დასავლურ კომპანიებს და დაინტერესებულიყვნენ ამ პორტის მშენებლობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ამ პორტის მშენებლობის საკითხში ჩაერთვებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფნის განვითარების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას და ყველას უნდა უხაროდეს, რომ კონკურსში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა.

„გამარჯვებულია ჩინური დიდი კომპანია. ჩვენი გადაწყვეტილებით 51% არის სახელმწიფოს კუთვნილება და მხოლოდ 49% იქნება გამარჯვებული პარტნიორის. ვისაც ესმის ტვირთების საკითხი და საერთოდ წარმოდგენა აქვს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, კითხვა არ უნდა არსებობდეს და ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტზე. ჩვენ კარად ვიცით, რომ ამ დერეფნის განვითარების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. ჩვენი არაერთი მოწოდებისა, თხოვნისა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ამ პორტში ჩაერთვებოდა. დღეს როგორ შეიძლება საუბრობდეს ანაკლიის პორტის პროექტზე ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი ჩააგდო, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს. ხალხს შევახსენებ, ხაზარაძემ ეს პროექტი ჩააგდო, 5-6 წელი ელოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა ვერც დაფინანსება. როგორც ვიცი, თავად 3 მილიონი აქვს დახარჯული და სხვებს ჩაადებინა თუ არ ვცდები 20 მლნ დოლარი, დაღუპა ინვესტორები და სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა. ამის შემდეგ ეს კაცი ქვეყანას მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება. კაცი, რომელიც ჯერ ჩვენს მოსახლეობას ძარცვავდა, ათასობით ადამიანს ბინა წაართვა და ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული სააკაშვილის მმართველობის დროს, დღეს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კითხვაზე - ჩინეთთან ურთიერთობა დასავლეთთან არ გვაშორებს? - ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„ჩინეთთან ეკონომიკური ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას. ჩვენ ვხედავთ ბევრი ევროპის წამყვანი ლიდერების ვიზიტებს ჩინეთში და პირიქით. ამიტომ ეს ნორმალურია. ნუ იქნებით დაკომპლექსებულები, დაღდასმული აზროვნებით. ყველა სიტუაცია ჩვენის ქვეყნისთვის უნდა გამოვიყენოთ. თუ რაიმე კონტრაქტი თუ თანამშრომლობა იქნება ჩინეთთან, ამერიკასთან ევროპასთან თუ სამხრეთთან და თუ ეს ურთიერთობა მოიტანს სარგებელს, ყველაფერი მისასალმებელია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.