NYT: ტრამპის კამპანიამ განაჩენის გამოტანის შემდეგ $53 მილიონის შემოწირულებები მიიღო

NYT: ტრამპის კამპანიამ განაჩენის გამოტანის შემდეგ $53 მილიონის შემოწირულებები მიიღო

დონალდ ტრამპის კამპანიამ 52.8 მილიონი დოლარის შემოწირულებები მიიღო მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო დოკუმენტების გაყალბებაში. ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემის თანახმად, ტრამპის კამპანია ამტკიცებს, რომ ამით მან ყველა წინა რესპუბლიკელ კანდიდატთან შედარებით რეკორდი დაამყარა და ეს გახდა "პირველი ნიშანი", თუ როგორ ერთიანდებიან რესპუბლიკელები მის გარშემო.

ტრამპის კამპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ განაჩენის გამოტანიდან პირველ რამდენიმე საათში თითქმის 35 მილიონი დოლარის შემოწირულება შეგროვდა, ხოლო დაახლოებით 18 მილიონი დოლარი მოგვიანებით.

The New York Times აღნიშნავს, რომ ტრამპის კამპანიის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ აშშ-ს ფედერალურ საარჩევნო კომისიაში მონაცემების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

Politico-ს ცნობით, აპრილის ბოლოს ჯო ბაიდენის კამპანიას $84 მილიონის შემოწირულებები ჰქონდა, ხოლო ტრამპის კამპანიას - $49 მილიონი.  

30 მაისს, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ისტორიაში პირველად გამოაცხადეს გამამტყუნებელი განაჩენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან გადახდების დამალვის მიზნით, რაც საფრთხეს უქმნიდა ტრამპის 2016 წლის კამპანიას.