პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკურ მონაცემებს აქვეყნებს და წერს - „ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ დავაფასოთ საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა.“
მისივე თქმით, ღირსეული ევროკავშირის მოლოდინში, საქართველო საკუთარი ღირსებით, ევროინტეგრაციის გზის მოლოდინში იმყოფება.
„მადლობელი ვიქნები, ეკონომისტებმა თავიანთი კვალიფიციური დასკვნა, რომ დაუპირისპირონ იმ მოსაზრებას, რომ საფრანგეთი გაკოტრების პირასაა. S&P Global-ი ამცირებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს უმწვავესი საბიუჯეტო კრიზისის ფონზე. მაკრონისთვის ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა, რომლის ძირითადი საარჩევნო დაპირება - "კომპეტენტური საფინანსო პოლიტიკის წარმოება" - ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტის წლევანდელი დეფიციტი მშპ-თან მიმართებით გადააჭარბებს 5,5%-ს და შეადგენს 160 მილიარდ ევროს. ამაზე უარესი ვითარება, მხოლოდ იტალიას აქვს. საფრანგეთის სახელმწიფო ვალი უკვე მიუახლოვდა ქვეყნის ეკონომიკის მთლიან ოდენობას და შეადგინა მშპ-სთან მიმართებით 100%-იან ნიშნული. სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები უკანასკნელ 5 წელიწადში გაორმაგდა და შეადგინა 50 მილიარდი ევრო წელიწადში. საფრანგეთის პროფკავშირების გაფიცვების ფონზე, ოლიმპიადისთვის განკუთვნილი ხარჯები მოგების ნახვა კი არა, ქვეყნის გაკოტრების მომასწავებელი უფროა, რაც მაკრონის მილიტარისტულ გეგმას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აქცევს.
მსგავსი ვითარებაა ბრიტანეთშიც - 120 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ბიუჯეტის კოლოსალური დეფიციტით. ვალის მომსახურებაზე ორჯერ მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე სამხედრო მიზნებისთვის.
მეუხერხულება ამერიკაზე საუბარი, მაგრამ იქ, უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, ყოველ კვარტალურად სახელმწიფოს ვალი იზრდება ერთი ტრილიონი დოლარით.
ევროპარლამენტში არჩევნების წინ, ევროკავშირის მოწინავე ქვეყნების ეკონომიკების ტურბულენტობა კიდევ უფრო გააძლიერებს ოპოზიციურ მემარჯვენეთა და ევროსკეპტიკისთა პოზიციებს. რაც შეეხება მაკრონის 15%-იან რეიტინგს - ევროპულ არჩევნებზე მას წარმატების შანსი ფაქტობრივად არ აქვს.
ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ დავაფასოთ საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა. ღირსეული და ძლიერი ევროკავშირის მოლოდინში, საქართველო საკუთარი ღირსებით ევროინტეგრაციის გზის ლოგიკურ მოლოდინში იმყოფება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.