ვიქტორ ჯაფარიძე: მე მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ - დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი

ვიქტორ ჯაფარიძე: მე მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ - დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი

პარტია „ხალხის ძალის„ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, თითქოს ის სააკაშვილის მმართველობის დროს, პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო. დეპუტატის განმარტებით, სააკაშვილთან კვეთა ჯერ 2005 წელს ჰქონდა, როდესაც აეროპორტიდან უშგულში, შემდეგ კი, უკან აეროპორტში წაიყვანა. მეორედ კი, მაშინ როდესაც უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი, იუშჩენკო სვანეთს სტუმრობდა, თუმცა სააკაშვილთან ერთად არც სუფრასთან ყოფილა და არც რაიმე სხვა გარემოებაში. ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია არიან ის პირები, რომელთაც ამის დადასტურება შეუძლიათ.

„გუშინ ჟურნალისტებს ვესაუბრე პარლამენტში, თუმცა ჩემი ნათქვამი მთავარმა და სხვა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ისე გააშუქეს, როგორც მათ სურდათ. ყველაზე დიდი თითქოსდა კომპრომატი ჩემზე აქვთ ის, რომ თურმე, მესტიაში სააკაშვილს შევხვედრილვარ 2004-2005 წელს. კი ბატონო, 2005 წელს მანქანით აეროპორტიდან მესტიამდე ჩამოვიყვანე და შემდეგ ისევ აეროპორტში მივიყვანე. საქართველოს პარლამენტში არის თემურ ჯანაშია, სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, იქვე იყვნენ ხაბეიშვილი და ხაჯიშვილი, როცა თემურ ჯანაშიას ვკითხე, ოდესმე თუ ვუნახივარ სააკაშვილთან ერთად სუფრაზე, ან სადმე, რაზეც მიპასუხა არაო. ვუთხარი გამოსულიყო და ეთქვა ეს ღიად, რაზეც მიპასუხა არავის უკითხავს და მე რანაირად ვთქვაო. მეორე ამბავსაც მოვყვები. უკრაინის პრეზიდენტი, ბატონი იუშჩენკო იყო ჩამოსული უშგულში, სუფრა იყო გაშლილი. ბატონი დავით კირკიტაძე მოვიდა და მიმიწვია სუფრაზე, თუმცა მე კატეგორიული უარი ვუთხარი. დღეს დავურეკე ბატონ დავითს და ვუთხარი, რომ ამ ამბავს დღეს ტელევიზიით ვიტყოდი. კირკიტაძემ მითხრა, ვისაც უნდა მოვიდეს და დავუდასტურებ ამ ფაქტსო. ასე რომ, მე მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ. როგორ ვიქნებოდი მისი ახლობელი, დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი.“- განმარტა ჯაფარიძემ.