პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, ყველა დიდი სახემლწიფოს ინტერესია მოწყვლად ქვეყანაში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს ხელისუფლებაში. მისი განმარტებით, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთის გამტარი შუა დერეფანი შეიძლება ბევრი გზისგან შედგებოდეს, თუმცა საქართველო ყველა შემთხვევაში მთავარ როლს ასრულებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ სწორედ ესაა აშშ-ს და ევროკავშირის ინტერესი - ხელისუფლებაში ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი, რომ ჩინეთი არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას, არამედ მათ წარმომადგენელს ესაუბრებოდეს ტრანზიტებზე.
„ეს ყველაფერი არ არის იმის გამო ატეხილი, რომ გამჭვირვალობის კანონი არ აწყობთ და ა.შ. აღიარებენ კიდევაც, რომ არ წაუკითხავთ კანონი, ანუ არ აინტერესებთ ხომ? უცხოეთიდანაც ეს დავალება აქვთ. ზოგადად ინტერესი რა არის დიდი, უცხო სახელმწიფოსი? მოწყვლად სახელმწიფოებში, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს ხელისუფლებაში. ამ ბოლო დღეებში ხომ ვნახეთ, შუა დერეფნის პარალელურად, ტრანზიტები ჩინეთიდან პირდაპირ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გადის ევროკავშირში. წარმოიდგინეთ, ჩინეთის ეკონომიკა რა მასშტაბების არის და მას აქვს სურვილი საქართველო იყოს შუა დერეფანი. კარგად რომ ავხსნათ, შუა დერეფანი შეიძლება რამდენიმე გზისგან შედგებოდეს. შეიძლება ყაზახეთის, ავღანეთის, ირანის გავლითაც, მაგრამ საქართველო ყველა შემთხვევაში მთავარ როლს ასრულებს და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ დიდი, ეკონომიკური, მსოფლიო პროექტის მონაწილე ქვეყანა აინტერესებს ამერიკას და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, ევროკავშირს, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და ჩინეთი ჩვენს ეროვნულ ხელისუფლებას კი არ ესაუბრებოდეს ამ ტრანზიტებზე, არამედ დაელაპარაკოს ამერიკის ან ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც უნდათ რომ დასვან საქართველოში. ეს არის მთელი არსი. აქეთ მიდის ყველაფერი. ამ შემთხვევაში, ევროკავშირიც კი კონკურენტია.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.