ეუთო/ოდირის დასკვნაში პოლიტიკური განცხადებებია და არა სამართლებრივი კრიტიკა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი ლიბერალური მიდგომებით არის გამორჩეული.
„კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებით როცაა გაჯერებული, მას სამართლებრივი არგუმენტები არ მოჰყვება, ეს არის პოლიტიკური განცხადებები და არა სამართლებრივი კრიტიკა. საქართველო და მისი მოქალაქეები იმსახურებენ, წერა-კითხვის უცოდინრებად არ ჩაგვთვალონ. როცა საუბარია, რომ კანონი რუსულია, წაიკითხონ და მიხვდებიან განსხვავებას, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა. წაიკითხონ ფრანგული კანონი და მიხვდებიან, რომ ქართული კანონი ლიბერალური მიდგომებით არის გამორჩეული. ამის წაკითხვა თითქოს მარტივია და კარგადაც ესმით, მაგრამ პოლიტიკური მიზანი აქვთ – აგენტურასავით მოქმედი რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურ კვებაზე ჰყავდეთ. სწორედ ამიტომ არიან კანონით გაღიზიანებული. არ უნდათ გაიგონ, რომ ევროპული სტანდარტის გვერდის ავლით არ შეიძლება პოლიტიკური პროცესები აფინანსონ და რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურ კვებაზე ჰყავდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებათა კანონთან და ის უნდა გაუქმდეს. დასკვნა შედგენილია ექსპერტთა პანელის კონტრიბუციით. ექსპერტთა შემადგენლობაში 16 პირია, მათ შორის, ერთ-ერთი არის ჯერემი მაკბრაიდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.