„ფონდი ფეა თრიიზის“ განცხადებამ აჩვენა, რომ სულ არ აინტერესებთ არც რაჭველი ბავშვი და არც იმ რაჭველი ბავშვის კბილები. ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის გირჩის თესლები, რაც გააქვთ რაჭიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დანიური ორგანიზაციის დანიელი ხელმძღვანელი ქალბატონი ბოლსი შეწუხდა, რომ ის დარეგისტრირდება როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. არ ვიცი, მას თავი ძირძველი რაჭველი ჰგონია თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ის რაჭის ხარჯზე კარგ ბიზნესს აკეთებს გირჩის თესლებთან დაკავშირებით და კარგია, თუ სოციალური საკითხებითაც დაინტერესებულია, მაგრამ მათმა განცხადებამ აჩვენა, რომ სულ არ აინტერესებთ არც რაჭველი ბავშვი და არც იმ რაჭველი ბავშვის კბილები. ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის გირჩის თესლები, რაც გააქვთ რაჭიდან. ეს განცხადება იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი. ეს არის სოციალური პროექტი, სადაც ონის მუნიციპალიტეტს არ სჭირდება ასეთი ორგანიზაციების შეხიდება, მაგრამ რადგან იყო ინტერესი და ეს ბიზნესი რაჭაში არის, შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გააკეთებენ. ონის მუნიციპალიტეტმა გააკეთა ყველაფერი, მოაწყო კაბინეტი, აღჭურვა, ერთადერთი, რაც მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო - გადაეხადათ ხელფასი ექიმებისთვის. ამას რომ აქცევს სპეკულაციის საკითხად, ბავშვებით რომ დაიწყებს სპეკულაციას დანიელი ქალბატონი, ეს აჩვენებს, რომ ხანდახან სოციალურ პროექტებშიც არის ჩადებული პოლიტიკური დედააზრი. ამორალურია, როდესაც ენჯეოები ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ. ამასთან, ფონდ „ფეა თრიიზის" ვებგვერდზე ბორდის წევრთა ჩამონათვალში იყო პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. თუმცა, „იმედის“ მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „ფეა თრიიზმა“ ბადრი ჯაფარიძე ვებ-გვერდზე ბორდის წევრების სიიდან წაშალა და ახლა მისი მონაცემები აღარ იძებნება.