გვაინტერესებს, რომელ ევროპასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვხედავთ “ენჯეოებს”. რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან - ეს არის ევროპა, რომელიც მხარს უჭერს ტერორს, ძალადობას მუქარას, მორალურ ზეწოლას თუ ეს არის ის ევროპა, რომლის ნაწილადაც ქართველი ხალხი ღირებულებითად თავს თვლის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში მიმდინარე ბულინგისა და ზეწოლის კამპანიაზე საუბრისას.
მის განცხადებით, ყოველი ინციდენტის უკან კონკრეტული აქტივისტები დგანან.
“როდესაც ჩავეძიებით, ყველგან არის აქტივისტი. მაგალითად, ნახეთ ბატონი ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევა, სადაც აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც არის მეგის ქარდავას კადრი და მაშინდელი პოლიციელი, რომელიც წამებით იყო სავარაუდოდ დაკავებული. შემდეგ მასთან მოქალაქე მივიდა და უჩა აბაშიძის პირველი ცოლი აღმოჩნდა. შემდეგ ანა დოლიძის და რომ აღმოჩნდა შემთხვევით თურმე, აეროპორტში - ანა დოლიძე ასევე უცხოეთიდან ფინანსდება “ენჯეოების” ყალბი სქემის გამოყენებით. საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ტერორის ნიაღვარი, რომელიც მოდის უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოების” მხრიდან. ამიტომ ჩავეძიებით რა თქმა უნდა, ვინ არიან მათი დონორები. მნიშვნელოვანია, რომ ეს დონორები ან გაემიჯნონ და შეწყვიტონ დაფინანსება ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც მცირეწლოვანი ბავშვების ტერორით არიან დაკავებული, ან იყვნენ პასუხისმგებელნი ამ ყველაფერზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ამგვარ მოვლენებს კავშირი არ აქვს იმ ევროპასთან, რომელიც “ქართულ ოცნებას” და ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენია.
“ამას აქვს კავშირი გარკვეულწილად ევროპასთან, რომელიც ასი წლის წინ იყო შეიძლება, მაგრამ ჩვენთან იყო 2012 წლამდე.ჩვენ ასეთ ევროპაში გვაცხოვრა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც წამების სისტემას ქმნიდა ციხეებში, ბიზნესს არეკეტებდა, ხალხს ხოცავდა ქუჩებში, ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ და ასეთ ქართული გაგების "ევროპას" მაშინდელი ევროკავშირი უჩუმდებოდა, აქებდა, დემოკრატიის შუქურას ეძახდა და დღემდე ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის მაგალითს ეძახის. ასეთი ევროპაც არსებობს. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ რომელ ევროპასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვხედავთ “ენჯეოებს”, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან - ეს არის ევროპა, რომელიც მხარს უჭერს ტერორს, ძალადობას მუქარას, მორალურ ზეწოლას თუ ეს არის ის ევროპა, რომლის ნაწილადაც ქართველი ხალხი ღირებულებითად თავს თვლის” , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და საბოლოოდ რეპუტაცია თავად ევროკავშირს ელახება.