ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო/დირის დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორიც იყო და დიდი ალბათობით, მას მიანდეს ეუთო/ოდირის ტექსტიც.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, ნახეთ, რომ მოკლე ვადაში დაიწერა ეს დასკვნა და ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც მე ვვარაუდობ, მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ასევე დაწერა ევროსაბჭოს დასკვნა და რომელიც იმავე დროს, იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა თურმე. ახლა ჩვენ გვიმტკიცებს დასკვნის საშუალებით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თურმე ცუდია. ჩვენ ჩვენი კითხვის ნიშნები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! რადგან ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნის, დიდი ალბათობით, მთლიანად ამ ადამიანს მიანდეს და მისი ტექსტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.