ყველას შევახსენებ, რომ ვინც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანა, რაც არ უნდა მეგობარი და პარტნიორი იყოს - ჩვენი ერთადერთი, მთავარი მეგობარი არის ქართველი ხალხი. სხვა დანარჩენი ყველა ქვეყანა არის უცხო ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ საკითხის სამართლებრივ განზომილებაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა საკითხის მორალურ, ეთიკურ და პოლიტიკურ განზომილებაზე უკვე შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. ორმა თვემ და რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ პოზიციამ ჩვენ დაგვანახა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგანან ოპოზიცია და მათი მოკავშირე „ენჯეოები“, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესებში მოქმედებენ. ეს არის ფაქტი. ამიტომაც უნდათ, სიტყვა ღალატი როგორმე ბევრჯერ თქვან, რადგან საკუთარ ღალატს თვითონ ხვდებიან. საკუთარ ღალატში არიან უკვე ჩაჭედილები ამ გადაწყვეტილებებით და ცდილობენ ამის პროეცირებას სხვებზე. სინამდვილეში ჩვენ ამ პროცესში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფი, რომლებიც 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები არიან. ახლა უნდათ, რომ წინ წამოუძღვნენ უცხო ქვეყნების სანქციებს და რამენაირად ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უცხო ქვეყნის ჯარსაც შემოუძღვებოდნენ, როგორც ორჯონიკიძე შემოუძღვა მაშინ მე-11 არმიას. ისიც ამბობდა, პროგრესული ვარ და პროგრესი შემომაქვს საქართველოშიო. ზუსტად იგივე ორჯონიკიძეები პირდაპირ მოქმედებენ უცხო ქვეყნების ინტერესებში.
ყველას შევახსენებ, რომ ვინც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანა, რაც არ უნდა მეგობარი და პარტნიორი იყოს - ჩვენი ერთადერთი, მთავარი მეგობარი არის ქართველი ხალხი. სხვა დანარჩენი ყველა ქვეყანა არის უცხო ქვეყანა. ჩვენი ერთადერთი, მთავარი სამოძრაო ინტერესი არის ქართველი ხალხის ინტერესი. დანარჩენი ხალხების ინტერესი არის მათი ქვეყნების საფიქრალი და წარმოსადგენი და არა იქიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ გასატარებელი. არეული აქვთ ორიენტაცია, არიან დაბადებით ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და დგანან უცხო ქვეყნების და ჯგუფების სამსახურში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას.