ჯერ კიდევ არ მესმის, რა პრობლემაა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით - რატომ შეიძლება ასეთი კანონის მიღება აშშ-ში, მაგრამ არა საქართველოში? როგორ ეწინააღმდეგება ეს ევროკავშირის პრინციპებს? - განუცხადა ესტონელმა დეპუტატმა, ვარო ვოოგლაიდმა [ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია] ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს პარლამენტში გამართული დებატების დროს.
„ჯერ კიდევ არ მესმის, რა პრობლემაა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით. აშშ-ს აქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში. არსებითად, ზუსტად იგივე კანონი. რატომ შეიძლება ასეთი კანონის მიღება აშშ-ში, მაგრამ არა საქართველოში? როგორ ეწინააღმდეგება ეს ევროკავშირის პრინციპებს?“ - განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.
„მე ვიცი, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ვიცი, რომ მსგავსი რეგულაციები იგეგმება თავად ევროკავშირში. ვიცი, რომ არა მარტო რუსეთმა, არამედ უნგრეთმაც მიიღო ასეთი კანონი. მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ესტონეთმაც არ უნდა მიიღოს ასეთი კანონი, რათა ვიცოდეთ რა ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან, რომლებიც ამავდროულად ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ჩემი აზრით, სრულიად გონივრული კანონია“, - აღნიშნა მან.
ვარო ვოოგლაიდი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას საქართველოში ვიზიტსა და ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობას.
„მოიწონებდით, მესამე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რომ ჩამოსულიყვნენ [ესტონეთში] ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც თქვენი მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული, და იქ სიტყვით გამოვიდოდნენ და ხალხს წაახალისებდნენ დაემხოთ თქვენი მთავრობა? ეს გააკეთა ცაჰკნა თბილისში, თქვენი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს ქცევა არღვევს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის უმთავრეს პრინციპებს, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს. ჩვენ, ოპოზიციაში, შეიძლება ძალიან კრიტიკული ვიყოთ სხვადასხვა კანონპროექტის მიმართ, რომელსაც თქვენი მთავრობა პარლამენტში აყენებს, მაგრამ მე ყოველთვის ვიტყვი, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აქ არ ჩამოვლენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. ეს უბრალოდ მიუღებელია. თუნდაც აღმოვაჩინოთ, რომ ეს კანონი არ არის მიზანშეწონილი, სხვა ქვეყნის საქმე არ არის ჩაერიოს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და დაიწყოს მათთვის კარნახი, თუ რა კანონების მიღება შეუძლია ან არ შეუძლია მათ დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს“, - აღნიშნა ვოოგლაიდმა.