გურამ მაჭარაშვილი: უცხოეთში მიხვდნენ, რომ საქართველო შედგა, როგორც სუვერენული ქვეყანა და ოპოზიციას უთხრეს, თავი დაანებეთ ამ რევოლუციაზე ფიქრს, მოემზადეთ არჩევნებისთვისო

გურამ მაჭარაშვილი: უცხოეთში მიხვდნენ, რომ საქართველო შედგა, როგორც სუვერენული ქვეყანა და ოპოზიციას უთხრეს, თავი დაანებეთ ამ რევოლუციაზე ფიქრს, მოემზადეთ არჩევნებისთვისო

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ  უცხოელი პარტნიორების მხრიდან ქართული ოპოზიციის მისამართით მითითებების შეცვლის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ამჯერად უცხოეთიდან მოსული დირექტივის თანახმად, ოპოზიციამ რევოლუციურ სცენარზე უარი უნდა თქვას და არჩევნებისთვის მოემზადოს.

თუმცა, როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, გადართვა რევოლუციიდან არჩევნებზე რთულია და ამ პროცესში პროვოკაციული გამოხტომები ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელია.

„ოპოზიციას უთხრეს უცხოეთში, თავი დაანებეთ ამ რევოლუციაზე ფიქრს, მოემზადეთ არჩევნებისთვისო. ეს დირექტივაა მოსული. უბრალოდ გადაწყობა ხომ უნდათ. რევოლუციურ სცენაზე რომ არიან ასულები და ხალხს ეუბნებიან, კანონს თუ მიიღებენ, მეორე დღეს მეორედ მოსვლა იქნებაო და შემდეგ ეს არ სრულდება, სამომავლო გეგმებს გადაწყობა სჭირდება და ასე მარტივი არ არის ეს პროცესი. ამიტომაც ეს გამოხტომები იქნება, თუმცა აუცილებლად გაივლის.

მთავარი არის ის, რომ უცხოეთში მიხვდნენ, რომ საქართველო შედგა როგორც სუვერენული ქვეყანა, ეს მათ ტონალობასაც ემჩნევა. ჩვენ ვნახეთ იგივე ბორელმა რა განაცხადა - კი მიუღებელია და არ ვეთანხმებით ამ კანონს, მაგრამ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ და დისკუსია მიდის ამაზეო. ანუ, უკვე იქითკენ წაიყვანა საუბარი, რომ არჩევნებისთვის მოემზადეთო," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება თავად არჩევნებს, აქ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალს არჩევანის  გაკეთება არ გაუჭირდება.  „რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ოპოზიცია ამისთვის ისე ემზადება, რომ აქედანვე მარტივადაა შედეგები დათვლადი. ადვილად ამოსაცნობია, 26 ოქტომბრისთვის  მოსახლეობა ვის მისცემს ხმას იმიტომ, რომ არჩევანი გასაკეთებელია ომსა და მშვიდობას შორის, სარწმუნოებასა და ურწმუნოებას შორის. აქ უკვე პოლიტიკურ პარტიებზეც აღარაა საუბარი," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.