„ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შოშიაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის სანქცირებასთან დაკავშირებით.
„პრობლემები დაიწყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, როდესაც ე.წ. ტექნოლოგიური და სავაჭრო ომები მიმდინარეობდა და ამ პროცესში ბევრ დიდ ჩინურ კომპანიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა თვითონ შეერთებულმა შტატებმა. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა დაუწესდა ამ ჩინურ კომპანიასაც. მაგრამ არ უნდა აღვიქვათ ისეთივე სანქციებად, როგორიც რუსეთის წინააღმდეგ არის. ამას სხვანაირად უწოდებენ სავაჭრო ომად“, - აღნიშნა შოშიაშვილმა.
ისტორიკოსმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც ანაკლიის პორტი საქართველოს მოუტანს.
„უკვე გაიხსნა ყარსის რკინიგზა, ჩვენ ასევე ველოდებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ყოველ შემთხვევაში, პრესაში ამაზე აქტიურად მიდის საუბარი. ეს გულისხმობს იმას, რომ ლოჯისტიკური გამართულობა სწრაფად წარიმართება. როგორც ჩანს, მოძველებული რკინიგზები რეგიონში, მისი მოდერნიზაცია მოხდება. 14 დღით უნდა შემცირდეს მატარებლების მიმოსვლა აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით. ტექნიკურად ზღვით ვაჭრობა უფრო მომგებიანია, მაგრამ გეოპოლიტიკური ფაქტორებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამის გათვალისწინებით, ჩინეთს უღირს ასეთ ნაბიჯებზე წასვლა, შესაბამისად, ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნით ყალიბდება დიდი ბაზარი,შუა დერეფნის სივრცე. ადგილობრივი ელიტები ცდილობენ დაამტკიცონ ის, და ეს კანონიც [გამჭვირვალობის] ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ მათ შესწევთ იმის ძალა, რომ ყოველგვარი გარე ზეგავლენების მიუხედავად, პროექტები თვითონ მართონ.
ზოგადად საქართველოს პრობლემა, რაც მომდინარეობს მათ შორის სტრუქტურული უმუშევრობა, ეს არის დეინდუსტრიალიზაცია, რაც მოხდა საბჭოთა კავშირის შემდეგ და ჩვენ როგორი ეკონომიკური რეფორმებიც არ უნდა გავატაროთ, ვერ შევაჩერებთ მიგრაციას, თუ არ გვექნება ელემენტარულად ინდუსტრიული ფუნდამენტი. ეს [ანაკლიის პორტი] არის პირველი პროექტი 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, პირველი შემოთავაზება საქართველოს ინდუსტრიალიზაციის, შესაბამისად, ეს არის მიგრაციის პროცესის შეჩერების წინაპირობა“, - განაცხადა შოშიაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.