„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა და როცა ამერიკა და ევროკავშირი, მასთან კონტაქტს ამყარებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ითვალისწინებენ მის ინტერესებს. ხოლო, როცა ჩინეთი შენ - საქართველოს გეუბნება, შენთან ვაფორმებ სტრატეგიულ ხელშეკრულებას, სავაჭრო შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, მინდა საქართველო გამოვიყენო ამ მსოფლიო პროექტში, როგორც სტაბილური ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ქვეყნის სიძლიერეს, როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ასევე ევროკავშირთან, ამერიკასთან და ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომისტობა სულაც არ არის საჭირო, იმისთვის, რომ მიხვდე, რატომ არ შედის რუსეთის ინტერესში ანაკლიის პორტის მშენებლობა.
„სულ რაღაც სამი დღის წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ ისტორიული შუა დერეფანი, მსოფლიო დონის პროექტი დაიწყო ოთხი დროშით - საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი და ევროკავშირი. ანუ ჩინეთს სურს, რომ შუა დერეფანი დაასრულოს ევროკავშირში და იქ შეიტანოს თავის პროდუქცია. როგორც ეკონომისტებისაგან მოვისმინეთ, ეს დერეფანი, მინიმუმ ანახევრებს ხარჯებს და დროს, ანუ მესამედ დროში არის შესაძლებელი ჩინეთმა ექსპორტი განახორციელოს ევროპაში, ან ჩინეთიდან საქართველოში, აზერბაიჯანში და თურქეთში, თუმცა ყველაზე დიდი გათვლა მაინც ჩინეთიდან ევროკავშირში პროდუქციის გატანაზეა.
ჩვენი უცოდინარი პოლიტიკოსები, რომელთაც ეკონომიკაში კი არა, პოლიტიკაშიც არაფერი ესმით, ამბობენ, ჩინეთი რომ აშენებს ანაკლიის პორტს, ეს რუსეთის ინტერესში შედისო. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს თავში აზრად მოგივიდეს. რუსეთს თავისი სავაჭრო გზა აქვს და მის ინტერესში სულაც არ არის ამ გზის დაკარგვა.
რეალურად კი ჩინეთი საქართველოზე გავლით გზას ირჩევს, იმიტომ, რომ შეამციროს დრო და ხარჯები, რადგან როგორც ვიცით დღეს არსებული გზით 52 დღე არის საჭირო ტვირთის ადგილამდე მისატანად. საქართველოზე გავლით კი 12-14 დღე სჭირდება, აქედან ევროპაში მოსახვედრად კი 3-4 დღე, ანუ თითქმის მესამედი დრო სჭირდება, რაც რასაკვირველია, თანხებსაც ზოგავს.
წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გაწყობდეს და გიხაროდეს შენი ქვეყნის პოლიტიკური წონის გაზრდა. ჩინეთი გლობალური მოთამაშეა და როცა ამერიკა და ევროკავშირი, მასთან კონტაქტს ამყარებენ ეს იმას ნიშნავს, რომ ითვალისწინებენ მის ინტერესებს. ხოლო, როცა ჩინეთი შენ - საქართველოს გეუბნება, რომ შენთან ვაფორმებ სტრატეგიულ ხელშეკრულებას, სავაჭრო შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, მინდა საქართველო გამოვიყენო, ამ მსოფლიო პროექტში, როგორც სტაბილური ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ქვეყნის სიძლიერეს, როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ასევე ევროკავშირთან, ამერიკასთან და ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში. იზრდება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკასთან წონა - აი ეს არის ანაკლიის პორტი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.