ეკონომიკის სამინისტრო: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

ეკონომიკის სამინისტრო: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან დაკავშირებით. უპირველესად, გვსურს განვმარტოთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება. აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზებულია ​და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას.

China Communications Construction Company Limited არის იმ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წამყვანი წევრი კომპანია, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში წარმოადგინა წინადადება – კონსორციუმთან უახლოეს პერიოდში დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმების, ასევე საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.

China Communications Construction Company Limited წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (გზები, პორტები, სასტუმროები, ენერგეტიკა, მეტალურგია, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ა.შ.).

რაც შეეხება კონსორციუმის მეორე წევრს – China Harbor Investment LTD-ს, ის სინგაპურში რეგისტრირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას პორტებში, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კომპანია ასევე სპეციალიზირდება სანავსადგურე ოპერაციებში.

მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმის ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი, ასევე უმსხვილესი ჩინური კომპანია China Road and Bridge Corporation 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, მოგებული აქვს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსების ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები. მისი სამშენებლო საქმიანობის ინტერესს წარმოადგენს პორტები, გზები, ხიდები, სანავიგაციო არხები და ა.შ. კომპანია ასევე ახორციელებს მექანიკური აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების წარმოებას, გააჩნია ოფისი მსოფლიოს 60 ქვეყანაში.

ხუთ უმსხვილეს ჩინურ პორტს მართავს კონსორციუმის კიდევ ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანია Qingdao Port International Co., Ltd, მათ შორისაა: ცინდაო ციანვანის პორტის არეალი, ჰუანგდაოს ნავთობტერმინალი, დონჯიაკუს პორტის არეალი, დაგანგის პორტის არეალი და ვეიჰაის პორტის არეალი. ჯამში, კომპანია ოპერირებს 86 ნავმისადგომს, მათ შორის 25 საკონტეინერო ნავმისადგომს, 14 მეტალის და ქვანახშირის ნავმისადგომს, 17 ნავთობტერმინალს, 30 უნივერსალურ ნავმისადგომს. კომპანიას გააჩნია 6 ძირითადი მიმართულება: კონტეინერები, მშრალი ტვირთი, თხევადი ტვირთი, ლოგისტიკა, ასევე, დამხმარე და ფინანსური სექტორები.

ეს არის პარტნიორი კონსორციუმის მოკლე რეზიუმე, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ააშენებს და განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. რაც შეეხება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობა ხელშეკრულებას აფორმებს კონსორციუმთან, რომლის წამყვანი თუ ქვეკონტრაქტორი კომპანიები არიან დასანქცირებულები, მათ შორის, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მიერ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წარმოდგენილი განაცხადისა და შესწავლის ეტაპზე, წინადადებების წარმომდგენი კომპანია არ ირიცხება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში.

მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ Entity List-ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ Entity List-ში მითითებულ კომპანიებთან. შესაბამისად, ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას – შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.