დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ონში, ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ვითომ, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, რომ თითქოს, რაღაც პროცესები უნდა დაიძრას. ისეთი პროცესები, რომელიც შეუქცევადი, ნეგატიური შედეგის მომტანი შესაძლოა იყოს. ოპოზიციონერი ჯგუფების განწყობა და სურვილი, რომ საქართველოში იქნებ, მართლაც როგორმე გამოვიდეს და დაიძრას ნეგატიური ტენდენციები, რათა ამ ყველაფერმა უარყოფითი ასახვა პოვოს მოსახლეობის ინტერესებზე, თავისი არსით საოცრად არაკეთილსინდისიერი საქციელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.
„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ფონდში.
აღსანიშნავია, რომ ფონდი „ფეა თრიიზის" ბორდის წევრია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა.