აბსოლუტურად გაუგებარია გარედან მოწოდებები, რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც გერმანია მხარს არ დაუჭერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს „გამჭვირვალობის კანონის“ არსებობის პირობებში.
კახა კალაძის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი განცხადება მოისმინეს უცხოეთიდან, თუმცა ვერ მოისმინეს ვერანაირი არგუმენტი გარდა ერთისა - „იმიტომ“.
„საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. საქართველოს მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია პარლამენტში უმრავლესობა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახით. მათი პირდაპირი მოვალეობაა მიიღონ კანონები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალსა და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლასა და აღმშენებლობას.
შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია გარედან მოწოდებები, რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ბევრი განცხადება უცხოეთიდან, თუმცა ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი გარდა ერთისა - „იმიტომ“.
ახლაც მზად ვართ თუ ვინმეს აქვს რაიმე კონკრეტული, წარმოადგინონ. შინაარსობრივად რატომ არის პრობლემური აღნიშნული კანონი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ზოგადად პრობლემა იყოს, ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს და ა.შ. გაუგებარია უბრალოდ.
თუმცა, ჩვენ წარმოგვიდგინეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, ზაფხულში უკვე დასრულებული იქნება და შესრულებული იქნება ყველა პუნქტი. ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ბურთი იქნება იმათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.