პაატა მანჯგალაძე: საქართველოს ყველა კარი დაუხურეს ევროპისკენ და ყველა პარტნიორისკენ - ქვეყანა, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის

პაატა მანჯგალაძე: საქართველოს ყველა კარი დაუხურეს ევროპისკენ და ყველა პარტნიორისკენ - ქვეყანა, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის

ჩინური „ქართულ ოცნებისთვის“ იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის აზრით, ჩინური კომპანია სპეციალურად შეარჩიეს, “რადგან სანქცირებულები ბოლოს ერთად დაჯგუფდნენ - კომპანიებიც და “ქართული ოცნებაც”.

“ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩინური “ქართულ ოცნებისთვის” იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის. ეს კომპანია, როგორც ვიცი, სანქცირებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ, ახლა სანქცირებულია აშშ-ის მიერ. მგონი, რომ სპეციალურად შეარჩიეს, რომ სანქცირებულები ბოლოს ერთად დაჯგუფდნენ - კომპანიებიც და “ქართული ოცნებაც”, რომელსაც აუცილებლად დაუწესდება სანქციები”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძემ განმარტა, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ, ბოიკოტის ფარგლებში კვლავ არ დაესწრება.

“ბოიკოტი გამოვუცხადეთ იმ ხალხს და ქმედებას, რომელიც “რუსულმა კოშმარმა” ჩაიდინა ღალატის სახით. საქართველოს ყველა კარი დაუხურეს ევროპისკენ და ყველა პარტნიორისკენ. საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის. იზოლაციაში მეგობრების გარეშე მარტო დარჩენილი საქართველო ნიშნავს რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტო დარჩენას. ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხისა და დასავლეთის რეაქციის იმედზე უნდა ვიყოთ, როცა რუსეთთან მარტო ვრჩებით”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.