კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება დაგმობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება დაგმობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

ეს არის იმ რადიკალების ხელწერა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკთა ბულინგის ფაქტებზე. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.

„ის პროცესი, რაც იყო, გრძელდება. არაფერი განსაკუთრებული. ეს არის იმ რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ. უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღესაც იმავეს აკეთებენ, ახლა ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით, შეურაცხყოფით ახერხებენ იმას, რომ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია.

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.