კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: მსგავსი შემთხვევა ბევრი იქნება და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ასეთი სპეკულაციებით იხელმძღვანელონ

კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: მსგავსი შემთხვევა ბევრი იქნება და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ასეთი სპეკულაციებით იხელმძღვანელონ

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძე აღნიშნულ ფაქტს რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლიტიკური სპეკულაციის მორიგ მაგალითად მიიჩნევს. მისივე თქმით, სკოლის მოსწავლეების გამოყენება ბოროტი ზრახვებისთვის დაუშვებელია.

„მსგავსი შემთხვევა ბევრი იქნება და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ასეთი სპეკულაციებით იხელმძღვანელონ. იგივეა სკოლის მოსწავლეების გამოყენება. უბრალოდ წარმოუდგენელია, სკოლის მოსწავლე როგორ უნდა გამოიყენო შენი ბოროტი ზრახვებისთვის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, შენიღბული აქვთ ვითომ ლიბერალიზმით. ეს არის პირდაპირ ბოროტება, ფაშიზმი, მოღალატეობრივი ქმედებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.

„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „ფეა თრიიზის" ბორდის წევრია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა.