მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს, - ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, რეფერენდუმის ჩატარება არარეალისტურია გამომდინარე იქიდან, რომ ამაში “ქართული ოცნების” თანხმობაა საჭირო.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს იმისი ინტერესი, აჩვენოს, რომ “ქართული ოცნება” თანახმა არ არის ასეთ რეფერენდუმზე.
“მე არარეალისტური მგონია ეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამაში “ქართული ოცნების” თანხმობაა საჭირო. პრემიერის თანახელმოწერას საჭიროებს და ამ საკითხზე “ქართული ოცნების” მიერ რეფერენდუმის ჩატარების ნაკლებად მჯერა.
პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს იმისი ინტერესი, აჩვენოს, რომ „ქართული ოცნება” თანახმა არ არის ასეთ რეფერენდუმზე, მაგრამ რეალისტურობა ძალიან საეჭვოა, რადგან არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” ამ რეფერენდუმს ჩაატარებს.
ჩემი აზრით, ჩვენ ახალი კონსტიტუციის შექმნაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. კონსტიტუციაში ეს მართლაც წერია, მაგრამ ეს “ქართული ოცნების” მიერ ერთპიროვნულად მიღებული და ამავე “ოცნების” მიერ ერთპიროვნულად დარღვეული კონსტიტუცია. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი ახალ კონსტიტუციაზე უნდა მუშაობდეს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ამზადებდეს არა უკვე მზა დოკუმენტებს, არამედ სამუშაო სივრცეს.
“ჩემთვის ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ამზადებდეს არა უკვე მზა დოკუმენტებს, არამედ სამუშაო სივრცეს. მზა დოკუმენტები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით უნდა მზადდებოდეს. სხვა შემთხვევაში რაღაცის სიურპრიზად გამოგდება, სადაც რაღაც მოგწონს ან არ მოგწონს, ჩემი აზრით, მაინც მცდარია.
მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს”, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.