ოთარ შამუგია: „2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის, სულ მცირე, 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს“

ოთარ შამუგია: „2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის, სულ მცირე, 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს“

„ისტორიული მომენტი გახლდათ, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, დამტკიცდა 2024-2027 წლების  სამოქმედო გეგმა, სადაც იდენტიფიცირებულია ღონისძიებები და საჭიროებები რაც აუცილებელია რეკომენდაციების აღსრულებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას.  2024 წელს დაიწყება კონკრეტული აქტივობები სოფლის განვითარების სააგენტოს ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნის მიმართულებით, რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.

მინისტრის განცხადებით,  დღეს მეორე მოსმენით მოხდა განხილვა და მხარდაჭერა კანონპროექტის, რომელზეც აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და მომზადდა „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის“ პროექტი, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან დაახლოების გზაზე. 

„რა თქმა უნდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარგში არსებული საჭიროებებისა და  გამოწვევების შესაბამისად, აქტიურად გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო ღირებულების ჯაჭვის თითოეული კომპონენტის მიზნობრივ მხარდაჭერას. მთავრობამ უკვე დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 88 სხვადასხვა აქტივობა და რომლის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარზე მეტია. შედეგად,  2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის სულ მცირე 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგია: „სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების ფონზე გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის საკითხებზე ისაუბრა.

„დღევანდელ მსოფლიოში,  გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლა სულ უფრო მეტად აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და მისი განხორციელება ხელს უწყობდეს ქვეყნის მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით, სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს 27 გარემოსდაცვით დირექტივა/რეგულაციასთან დაახლოება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის  21 სამართლებრივ აქტთან.

მინისტრის განცხადებით, 2023 წელს  მიღებულია სამი მნიშვნელოვანი ახალი კანონი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ”.

სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, 2026 წლის შემდგომ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სრულიად ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის საფუძველს ქმნის „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონი. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას.

კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ” სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელზე გადასვლა. ერთ-ერთ მთავარ სიახლეს საქართველოსთვის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და ზედაპირული წყლით სარგებლობაზე ეკონომიკური მექანიზმის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას და სათანადოდ მართვას.

„პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 237 წერტილში; ხოლო, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის  მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 68 წყალპუნქტზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური აპარატურა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.