„ქვეყნისთვის მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი და განახლებადი ინფორმაციის წარმოება წარმოადგენს მიწის რაციონალური გამოყენების, მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის გატარების აუცილებელ წინაპირობას. ჩვენ დავიწყეთ მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება. ქვეყნის მასშტაბით მიწის საფარის დეშიფრაცია უკვე განხორციელებულია 2 მლნ ჰა-მდე ფართობზე, და ამ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით დავასრულებთ წლის ბოლომდე, რომლის შედეგად, პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი და მიწის რესურსებზე (მიწათდაფარულობა და მიწათსარგებლობა) ერთიანი, ზუსტი, ერთგვაროვანი გეოინფორმაციით სარგებლობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპის დანერგვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია და სხვადასხვა უწყებასთან განხილვის პროცესშია საქართველოს კანონის პროექტი „საძოვრების მართვის შესახებ“, რომელიც შექმნის საძოვრების მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძველს. შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქტიულობის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა ფერმერების მხრიდან. პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ფერმერებმა იჯარით მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 17000 ჰა-მდე საძოვარი.
სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ აგრარულ დარგის განვითარებისთვის აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანაში აპრობაცია გაიარა და დაინერგა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემები, შეიქმნა კვალიფიციური სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ფერმერებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამებით, თუმცა, პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა ახალი მექანიზმების შემუშავებაზე, როგორიც არის მაგალითად მწარმოებელთა ორგანიზაციები და მწარმოებელთა ჯგუფები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების რეგულირების, წარმოების დაგეგმვისა და მიწოდების თვალსაზრისით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.