ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით ვერანაირი რეფერენდუმი ქვეყანაში, ცხადია, არ და ვერ ჩატარდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
მათიკაშვილის თქმით, ეს უნდა ესმოდეს ქვეყნის “ფიქტიურ პრეზიდენტს”, მიმართული უნდა იყოს არა პარტიული საქმიანობისთვის, არამედ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას უნდა ასრულებდეს, რასაც ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტობა ჰქვია.
„სალომე ზურაბიშვილი იმდენად აცდენილია რეალობას, მის სტატუსს, რას ნიშნავს იყო ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტი, სიყვარულს და დამოკიდებულებას იმ ქვეყნისადმი, რომლის ფაქტობრივი პრეზიდენტი, სამწუხაროდ, ის არის, რომ მისგან მოულოდნელი არაფერია. ნაცვლად იმისა, რომ მას ვეტო კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნებისთვის გამოეყენებინა, რაზედაც მას, გარდა ჩვენი პრემიერისა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებდნენ. მან ვეტოს დადება საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის გამოიყენა, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა რადიკალმა ოპოზიციონერმა. ის, რაც ქვეყნის კონსტიტუციაში მყარად არის ჩაწერილი, 78-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში. ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით ვერანაირი რეფერენდუმი ქვეყანაში, ცხადია, არ და ვერ ჩატარდება. ეს კარგად უნდა ესმოდეს ქვეყნის ფიქტიურ პრეზიდენტს და არა პარტიული საქმიანობისთვის იყოს მომართული და არჩევნებისკენ იყურებოდეს, არამედ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდეს, რასაც ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტობა ჰქვია”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ძალიან კარგად იცის, რომ მათ ფაქტობრივად არანაირი შანსი არ გააჩნიათ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე.
„არამედ, მათი პოლიტიკური რეიტინგი და წონა იმდენად ამორტიზებული და დაბალია, რომ არათუ გამარჯვება, არამედ სერიოზული, რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან გაუჭირდება რადიკალ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ არ იქნება გასაკვირი თუ დღესვე ფსევდოპრევენციებს მოახდენენ რადიკალები, მათ შორის ზურაბიშვილი იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს ვინმეს ხმების დაცვა სჭირდება. ხმების დაცვაზე კი არა საკუთარ რეიტინგზე იზრუნონ. იფიქრონ იმაზე, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და ფაქტობრივად, ქვეყნის ღალატი ვერანაირად ვერ განაპირობებს ვერანაირი პოლიტიკური ძალის, პირველ რიგში, რადიკალური ოპოზიციის და მათი მედროშე სალომე ზურაბიშვილის რაიმე წარმატებას საპარლამენტო არჩევნებზე.
რევოლუციურ სცენაზე ოპოზიცია მუდმივად ფიქრობს. რევოლუციური სცენარი არის არა გეგმა B, არამედ გეგმა A, რომელიც მათ ყოველთვის გააჩნიათ, რამეთუ იციან, რომ არჩევნების და ლეგალური წესით ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ მოვლენ ურეიტინგოების გამო”, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.