არჩილ თალაკვაძე: ვინმეზე თუ სანქციებია განსახილველი და საყვედური ეკუთვნის, ზუსტად იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

არჩილ თალაკვაძე: ვინმეზე თუ სანქციებია განსახილველი და საყვედური ეკუთვნის, ზუსტად იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელსაც შემოაქვს გამჭვირვალობის რეესტრი. მსგავსი აქვს ევროკავშირის 15 სახელმწიფოს, უფრო მკაცრი აქვს აშშ-ს, ისრაელს და საფრანგეთმა მიიღო ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები, ასე, რომ ეს არის ყველა ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივად აღნიშნული კანონი არანაირად არ ეხება საქართველო-ევროკავშირის ან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს.

„ხდება ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზება ქვეყნის შიგნით და ამ აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი მცდელობები იყო, რომ გამოეყენებინათ საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტი, მათი რეაქციები და ზეგავლენა მოეხდინათ ხალხის ემოციებზე. სანქციები მაშინ არის შედეგიანი და სწორი, როდესაც ის არის სამართლიანი საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის და საკუთარი დემოკრატიის დასაცავად, მით უმეტეს იმ მექანიზმებით, რომლებიც აქვთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს, სანქციები ვერ იქნება სამართლიანი. თუ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც განიხილება და იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზულად არც განიხილება, ის პირველ რიგში დააზიანებს საქართველოსთან ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებთან, ისე სხვა ნებისმიერ პარტნიორთან, თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს შედის ჩვენი საერთო მტრების ინტერესებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო არანაირად არ ცვლის თავის ვექტორს.

„დიდი იმედი მაქვს, ყურადღებით და დეტალურად იქნება განხილული ის განცხადებები, რაც გაკეთდა. საქართველო არანაირად არ ცვლის თავის ვექტორს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ხალხის მხარდაჭერით ჩავწერეთ საქართველოს საგარეო ვექტორი და არჩევანი კონსტიტუციაში. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც განვამტკიცეთ ურთიერთობები პარტნიორებთან და ევროკავშირთან გვაქვს არსებითი პროგრესი იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში გვყავს ანტიევროპული, რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დაკავებულია დესტრუქციით, ფულსაც იხდიდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. თუ ვინმეზე სანქციები არის განსახილველი და საყვედური ეკუთვნის ეკუთვნის ზუსტად იმ დესტრუქციულ ძალებს, ვინც აქ თუ საზღვარგარეთ ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა თალაკვაძემ.