პრემიერი: ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა

პრემიერი: ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა

წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინასწარი 4-თვიანი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 8 %-ზე მეტი.

„რაც შეეხება წინასწარ 4-თვიან მონაცემებს, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი - საშუალო ზრდა გვაქვს 8 %-ზე მეტი, იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა. ჯერ არ გვაქვს მაისის მონაცემები, თუმცა წინასწარი მონაცემები რაც არის, მათ შორის საგადასახადო და ა.შ. გვაქვს აქაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა.

ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა,"- განაცხადა პრემიერმა.