თავის დროზე ვასაჯაროებდით ხოლმე ინფორმაციას კომპანიაზე, რომელიც გვეხმარებოდა კვლევების ჩატარებაში, თუმცა მერე იყო ცოტა უცნაური შემთხვევა, რის შემდეგაც თავს ვიკავებთ ჩვენი კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციების ან ორგანიზაციის გასაჯაროებისგან, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შარშან, კამპანიის მიუხედავად „ქართული ოცნების" მხარდამჭერების დიდ ნაწილს არ ჰქონდა რწმენა, რომ კანონი იყო კარგი, თუმცა ვინაიდან წელს კანონს 60%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა, ხელისუფლებამ პრინციპულად გადაწყვიტა მისი ბოლომდე გატანა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფიდენციალურობა იყოს დაცული, მათ შორის იმისათვის, რომ ზემოქმედება აღარ განხორციელდეს ასეთ კომპანიებზე. მანამდე იყო პროცესები, რაც მიანიშნებდა, რომ იყო გარკვეული ზემოქმედების მცდელობა კონკრეტულ ერთ ორგანიზაციაზე, რომელიც გვეხმარებოდა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაში. იმისათვის, რომ დავაზღვიოთ, კონფიდენციალურობას ვინარჩუნებთ. როცა ჩვენ ჩავატარებთ კვლევებს, ორგანიზაციას ვერ დავასახელებთ, უნდა დავიცვათ კონფიდენციალურობა.
შარშან იყო განსხვავებული ვითარება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე, იყო ის, რომ ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილიც ვერ დავარწმუნეთ. მაშინ იყო კამპანია და ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილიც არ იყო მყარად თავის პოზიციაში. ანუ, არ ჰქონდათ რწმენა, რომ ეს კანონი იყო კარგი, რაზეც შარშან გვქონდა მსჯელობა. წელს განსხვავებული ვითარება რომ გვქონდა და რომ იყო 60%-ზე მაღალი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ, პრინციპულად გადავწყვიტეთ ამ კანონის ბოლომდე გატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ათასი კრიტიკული განცხადება,"- განაცხადა პრემიერმა.