ევროკავშირი ღრმა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის განცხადებაში.
„ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ დამტკიცებული კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯიდან, სულ მცირე, სამ ნაბიჯთან დაკავშირებით უკუსვლას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ვალდებულება. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უგულებელყოფილი იყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც ამ კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას შეიცავს.