კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან

ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, გამჭვირვალობის კანონის მიღების გადაწყვეტილება პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული.

„ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან. ეს არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაცია და სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი იქნას შეჩერებული, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის მტერი“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე შეაფასა გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივის შესახებ.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობისთვის მზად არიან, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და როგორ შეიძლება, ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან შესვლა მოუწევთ და მექსიკაში დღეებისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ჩვენს ქვეყანასთან ექნებათ ისეთი ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებთან. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანების დაკავშირებით. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროებაც არ დადგება დღის წესრიგში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.