ეს გარკვეულწილად აჩვენებს საქართველოს მიმართაც ფარისევლურ დამოკიდებულებას, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში დირექტივა მუშავდება, საფრანგეთი კანონს იღებს, ინგლისი, ამერიკაში მოქმედებს, ისრაელში მოქმედებს, ყველა ქვეყანა ფიქრობს ამაზე და ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა დაფიქრდა, ამიტომაც მიდის შემუშავება ერთიანი დირექტივისა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, როომ ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს.
„სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არის ქედმაღლური. ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის, ან ევროპული ქვეყნებისთვის, რატომღაც არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის. არის სამწუხარო დამოკიდებულება. ეს აჩვენებს იმას, რომ რაღაც უფლება აქვთ სხვებს და ამ უფლებას თითქოს ჩვენ არ გვაძლევენ. მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს თვის მხრივ საჭიროებას უცხოური გავლენის შეზღუდვისა იმ მხრივ, რომ როდესაც ჩარევა არის პოლიტიკურ პროცესებში, ამისთვის საჭირო არის, რომ გარკვეული გამჭვირვალობის დონე იყოს და მავნე ჩარევა შეიზღუდოს.
თავად ქალბატონი ფონ დერ ლაიენი არის ევროკომისიის პრეზიდენტი და შესაბამისად, ევროკომისიის ინიციატივაა ის დირექტივა, რომელიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ევროკავშირში. ეს გარკვეულწილად აჩვენებს საქართველოს მიმართაც ფარისევლურ დამოკიდებულებას, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში დირექტივა მუშავდება, საფრანგეთი კანონს იღებს, ინგლისი, ამერიკაში მოქმედებს, ისრაელში მოქმედებს, ყველა ქვეყანა ფიქრობს ამაზე და ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა დაფიქრდა, ამიტომაც მიდის შემუშავება ერთიანი დირექტივისა, რომელიც დაავალდებულებს მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არჩევანი კი არა, ვალდებულება ექნებათ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა უზრუნველყონ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე. ამ პროცესის ნაწილია ზუსტად საქართველო, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია მოქცეული საქართველო და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო საქართველოში, ამიტომაც საჭიროა ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის იყოს გამჭვირვალე, რათა მავნე გავლენები გამოირიცხოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.