ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონზე ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ასევე ველოდებით მოტივირებულ ვეტოს და არა უბრალოდ იმას, რომ არ მაინტერესებს და ხელს არ ვაწერ - ეს ვეტო არ არის

ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონზე ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ასევე ველოდებით მოტივირებულ ვეტოს და არა უბრალოდ იმას, რომ არ მაინტერესებს და ხელს არ ვაწერ - ეს ვეტო არ არის

ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ველოდებით მოტივირებულ ვეტოს და არა უბრალოდ იმას, რომ არ მაინტერესებს და ხელს არ ვაწერ - ეს ვეტო არ არის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვაში რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია და მათგან „მხოლოდ ხელების ბრახუნი და „არა რუსულ კანონს“ ისმოდა“. ქადაგიშვილის განმარტებით, დღეს რადიკალები იქამდეც კი დავიდნენ, რომ აცხადებენ, თითქოს კანონი ადამიანის სექსუალურ თუ ბიოლოგიურ მოთხოვნებს, მსოფლმხედველობასაც შეეხება, „რათა ამით ადამიანები უკიდურესად დაძაბონ“.

„ამას ჰქვია გებელსისეული პროპაგანდა. ფაშისტების ლიდერი, პროპაგანდისტი ამბობდა, რომ ადამიანებისთვის პატარა ტყუილი არ ეთქვათ. ტყუილი უთხარი ტოტალური, რადგან ამას უფრო ადვილად იჯერებს ადამიანი - თან, ხშირად გაუმეორეთო. გამეორების კარგი საშუალებაა სოციალური ქსელი. ამიტომ, აქ ისევ და ისევ ჩვეულებრივ ფეიკთან გვაქვს საქმე - კანონი ამ მოცემულობის იქეთ არ გადის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

„ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ველოდებით მოტივირებულ ვეტოს და არა უბრალოდ იმას, რომ არ მაინტერესებს და ხელს არ ვაწერ - ეს ვეტო არ არის. ეს კანონით არის განსაზღვრული“, - დასძინა ქადაგიშვილმა.