დღევანდელ სამყაროში ბევრი რამე დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის ის ტრადიციული გაგება ოჯახისა, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს როგორც საქართველოს, ისე ზოგადად, სამყაროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ქაშვეთის ტაძართან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო.
„ყველას მინდა მივულოცო ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა. დღევანდელ სამყაროში ბევრი რამე დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის ის ტრადიციული გაგება ოჯახისა, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს როგორც საქართველოს, ისე ზოგადად, სამყაროს. დღეს ცდილობენ, რომ ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ამოატრიალონ ღირებულებების თვალსაზრისით, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების მიმართ. კერძოდ, დამოკიდებულება უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.