დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ჩვენ ყველას გვყავს საერთო მტერი: სულიერი მტერი - ეშმაკი და პოლიტიკური მტერი - რუსეთი

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ჩვენ ყველას გვყავს საერთო მტერი: სულიერი მტერი - ეშმაკი და პოლიტიკური მტერი - რუსეთი

პატრიარქი არის ქვეყნის გამამთლიანებელი. ის არასდროს მხარეს არ იჭერს და მით უმეტეს ეკლესიამ არ უნდა დაიჭიროს რომელიმე მხარე, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც პატრიარქის მიმართვას გამოეხმაურა.

„ეკლესია ყოველთვის გვერდში უდგას სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მმართველები უმრავლესობის მხრიდან არიან არჩეული და თუ ისეთი რამ არ ხდება, რაც 12 წლის წინ ხდებოდა ქვეყანაში, მაშინ ეკლესია ვალდებულია დაეხმაროს სახელმწიფოს აღმშენებლობაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა იყო ერთ-ერთი ლოცვა, რომელიც მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და ურთიერთგაგება.

ჩვენ ყველას გვყავს ერთი საერთო მტერი: სულიერი მტერი - ეშმაკი და პოლიტიკური მტერი - რუსეთი. რუსეთი რომ მტერია, ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ამიტომ აქედან გვინდა დავიხსნათ თავი“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვაშია აღნიშნული.