გუტი:

გუტი: "სასიამოვნოა, რომ კვარაცხელიას კუმირი ვიყავი, ის ძალიან მომწონს"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბრა.

„კვარაცხელია ძალიან მომწონს. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ინსტაგრამზე ვისაუბრეთ. ეს არის სოციალური მედიის ერთ-ერთი დადებითი ასპექტი, სადაც არ უნდა იყო, წამში შეგიძლია ნებისმიერ დაუკავშირდე და ისაუბრო. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბავშვობაში მისი კუმირი ვიყავი, ჩემი ხელმოწერით მაისური გავუგზავნე ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს. შემდეგ ინსტაგრამზე გამოვიწერე და ცოტა ვისაუბრეთ.

რას ნიშნავს მისი კუმირი ვიყო? ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარეა. შენი თამაშის წყალობით ბავშვებს შეიძლება შეუყვარდე, დაიწყონ თამაში და შესაძლოა მომავალში ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ, შეიძლება დიდი ვარსკვლავებიც, როგორც მის შემთხვევაში, ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ყველა გავიზარდეთ ჩვენი კუმირით, ყველა ვიყავით ვიღაცით აღტაცებული და ამ შემთხვევაში სასიამოვნოა, რომ ვიღაცის კუმირი მეც ვიყავი“, - თქვა გუტიმ.