შალვა პაპუაშვილი: აქციას ანტირუსულს როდესაც უწოდებენ და შემდეგ, შიგნით რუსები არიან, თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, რასთან გვაქვს საქმე

შალვა პაპუაშვილი: აქციას ანტირუსულს როდესაც უწოდებენ და შემდეგ, შიგნით რუსები არიან, თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, რასთან გვაქვს საქმე

აქციას ანტირუსულს როდესაც უწოდებენ და შემდეგ, შიგნით რუსები არიან, თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალადობრივ ჯგუფებს ქმნიან, რომლებიც შემდეგ პოლიციაზე ძალადობენ.

„ბოლო პერიოდში ზოგიერთი გასაჯაროებული საუბრიდან მოვისმინეთ, რომ მიდიოდა პირდაპირი რეკრუტირება, ძიება ადამიანების, რომლებიც მზად იქნებოდნენ, წასულიყვნენ ძალადობაზე. ასე, რომ ამაში რაიმე გასაკვირს ვერ ვხედავ, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა წყაროებიდანაც პირდაპირ ჩანდა, ეძებენ ადამიანებს, რომლებიც წამსვლელები არიან ძალადობაზე. ვნახეთ შედეგი, როგორ წავიდნენ ძალადობაზე, როგორ მოხდა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, ძალადობრივ ქცევაში მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული. ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქციას ანტირუსულს როდესაც უწოდებენ და შემდეგ, შიგნით რუსები არიან, თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ეს მთავარი პრობლემაა.

ვხედავთ, რომ არის ძალადობისკენ მოწოდება გარედან, თუ შიგნიდან. ვხედავთ ორგანიზებას ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც გეგმურად, მიზანმიმართულად ჩადიან ძალადობას. ვნახეთ პარლამენტის შენობასთან სპეციალურად აზიანებდნენ სამეთვალყურეო კამერებს, რათა არ დაეფიქსირებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, ძალადობრივ ჯგუფებს ქმნიან, რომლებიც შემდეგ პოლიციაზე ძალადობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.