ლევან ხაბეიშვილი: ყველა ბიზნესმენს მივმართავ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო

ლევან ხაბეიშვილი: ყველა ბიზნესმენს მივმართავ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო

ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც ჯერ მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის. მივმართავ მათ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე და მათი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე.

„დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 16:00-17:00 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები იმიტომ დაიბარეს, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, დაიცვან რუსული კანონი, მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, დებმა, ძმებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები და ასევე, დღეს აპირებენ, ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აიძულონ, აქციაზე აღარ წავიდნენ.

მინდა, მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე – უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, რუსულ კანონსა და ევროპას შორის. ამიტომ მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ: ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, აუცილებლად მალე დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.