გია ცაგარეიშვილი: ვერავინ გამახსენებს, რომ ის ათიათასობით აქციის მონაწილე, რომელიც გამოგვყავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ოდესმე წაგვეყვანა შტურმზე, პოლიციასთან დაპირისპირებაზე

გია ცაგარეიშვილი: ვერავინ გამახსენებს, რომ ის ათიათასობით აქციის მონაწილე, რომელიც გამოგვყავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ოდესმე წაგვეყვანა შტურმზე, პოლიციასთან დაპირისპირებაზე

ვერავინ გამახსენებს, რომ ის ათიათასობით აქციის მონაწილე, რომელიც გამოგვყავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ოდესმე წაგვეყვანა შტურმზე, პოლიციასთან დაპირისპირებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ცაგარეიშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თავად იყო ოპოზიციაში და აქციებს მართავდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ფიქრობენ, დუღილის ტემპერატურამ იქამდე მიაღწია, რომ საჭიროა რადიკალურ მეთოდებზე გადასვლა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიმართულებით. სხვა შემთხვევაში, მე რა საწინააღმდეგო უნდა მქონდეს ახლა ამ აქციების?! მეც ვმართავდი აქციებს. უამრავჯერ ვიყავი ქუჩაში გამოსული და ფაქტობრივად ყოველთვის გვარბევდნენ, სასტიკად გვისწორდებოდნენ. ვერავინ გამახსენებს, რომ ის ათიათასობით აქციის მონაწილე, რომელიც გამოგვყავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ოდესმე წაგვეყვანა შტურმზე, პოლიციასთან დაპირისპირებაზე.

გაგახსენებთ ცნობილ აქციას იპოდრომზე, რომელიც 2008 წლის 20 იანვარს ჩატარდა, ასი ათასობით ადამიანი მოვიდა. გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ამ აქციებს სხვა ოპოზიციონერებთან ერთად უძღვებოდა და მაშინ გადავწყვიტე, რომ სააკაშვილის ინაუგურაციის პროცესიისკენ ეს აქცია არ უნდა წაგვეყვანა. იცით რატომ? იმ თავზეხელაღებული ნაძირალების კი არ მეშინოდა, ვინც სააკაშვილის ძალად გაპრეზიდენტებას ზეიმობდა რუსთაველის თეატრში, მოვერიდე უბედურებას და მსხვერპლს. ჩემს უკან ასიათასობით ადამიანი იყო - იყვნენ ახალგაზრდები, ქალები, კაცები, ღირსეული ადამიანები და მე ამ ადამიანებს ვერ მივიყვანდი დასარბევად.

რაც შეეხება ძალადობას ოპოზიციონერებზე, ამ ქვეყანაში ყველანაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მე ვემიჯნები და ჩვენ ვემიჯნებით. გამორიცხულია ეს ვინმეს მოსწონდეს, გამორიცხულია ამას ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს. თქვენ მოისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ დაწყებულია გამოძიება, იმედი მაქვს, რომ სწრაფად წარიმართება გამოძიება და დამნაშავეები მიეცემიან პასუხისგებაში“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.