ნოდარ ტურძელაძე: მიუღებელია, რომ ასეთი უმსგავსო სიტყვებით მოიხსენიებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლებს - დღეს ყველა კარგად დაინახავს, თუ რას ემხრობა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა

ნოდარ ტურძელაძე: მიუღებელია, რომ ასეთი უმსგავსო სიტყვებით მოიხსენიებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლებს - დღეს ყველა კარგად დაინახავს, თუ რას ემხრობა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა

ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს რუსეთისკენ სვლა და რამენაირად გვაშორებდეს ევროპას და ევროკავშირს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა დღევანდელი შეკრების წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკოსების თუ ადამიანთა ჯგუფის მიერ წამოწყებულ კამპანიას და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიციების გამო, მიუღებელია ერთმანეთის შეურაცხყოფა.

„მიუღებელია, რომ ასეთი უმსგავსო სიტყვებით მოიხსენიებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლებს. დღეს რუსთაველის გამზირზე იდგება ქართული საზოგადოება სხვადასხვა რეგიონიდან და ასევე იდგებიან თბილისიდანაც. ყველა კარგად დაინახავს, თუ სად დგას და რას ემხრობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ 12 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მიერ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს დაახლოებოდა. მივაღწიეთ არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, რთულია რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანო.

არაერთი მნიშვნელოვანი, კარგი პროექტი დაუფინანსებიათ უცხოურ ორგანიზაციებს, ეს იქნება სოფლის მეურნეობის კუთხით, შშმ პირების დახმარების კუთხით თუ სხვა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რატომ დაფინანსდა მაგალითად „სირცხვილია“, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილზე“ აკეთებს აქცენტს, რატომ დაფინანსდა „კანვასის“ ტრენინგები, რომ ფინანსდებოდა „ისფედი“, რატომ გაყალბდა პარალელური ხმის დათვლა 2020 წელს და ამის შემდეგ, საზოგადოებას ახსოვს, რომ დაახლოებით 8 თვე ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა, რაც აზიანებდა ჩვენის ქვეყნის წინსვლას. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ ევროკავშირისკენ და ყველაფერ იმისკენ, რაც ბევრ სიკეთეს მისცემს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ტურძელაძემ.