"ფერი“: ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სიარული

კომპანია ფერის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"კომპანია “ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ჩვენი კომპანია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან, ჩართულია ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ, სამშენებლო და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში.

ბოლო 33 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომლის პარტნიორები, დამკვეთები და კონტრაქტორები იყვნენ როგორც ქართული, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპული (საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, იტალია და ა.შ.) და აზიური (თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.) კომპანიები.

ჩვენ ამ კომპანიებთან როგორც ევროპულ ფინანსურ ინსტიტურებთან, ასევე ქართულ ბანკებთან თანამშრომლობით, განვახორციელეთ  ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო პროექტი და როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ, კარგად ვიცით ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

საკამათო არ არის, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა განიცდის მნიშვნელოვან აღმავლობას, რაც  სტატისტიკური მონაცემებით, და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება. აღნიშნული მნიშვნელოვნად განპირობებულია ქვეყანაში არსებული მშვიდობითა და სტაბილურობით (რამდენადაც ეს შესაძლებელია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, ზოგადად მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე). ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს წრეებთან უშუალო და საქმიანი ურთიერთობით და ბისზესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნით.

ქვეყანაში ინიცირებულია და მოქმედებს მრავალი პროგრამა და ბიზნესის ხელშეწყობის სქემა. რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს არაერთ ახალ წამოწყებას და არსებულ საწარმოებს განავითარონ მათი შესაძლებლობები და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში.

ჩვენ, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს კეთილმოსურნეები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობით. რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს ბიზნესსა და მის მომავალ გეგმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკასა და  პერსპექტივებზე. 

ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორ კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, გულისხმობს მაქსიმალურ გახსნილობას და გამჭვირვალობას შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულობის მოთხოვნების დაცვის კუთხით. 
აღნიშნული ვრცელდება როგორც ჩვენი და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ასევე ბიზნეს ოპერაციებზე. ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, რასაც კეთილსინდისიერად ვასრულებთ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვთვლით რომ როგორც ქვეყნისთვის ზოგადად, ასევე მისი ევროპული მომავლისთვის არსებითია საქართველოს სტაბილურობისა და კონსტიტუციით განსაზღვრული კურსის შენარჩუნება, რაც არ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში საყოველთაოდ აღიარებულ და მისაღებ პრინციპებთან, ისეთი როგორიც არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფომ, ასევე პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკის განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სიარული და ასევე ქვეყანაში შესაძლებელი იყოს ისეთი დემოკრატიული პრინციპის დანერგვა, როგორიც ფინანსური გამჭვირვალობაა".