მე ვრჩები ჩემს ძველ პოზიციაზე, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა მსოფლიოში აღარ არსებობს - მთლიანად ჩამოშლილია. რეგიონების დონეზე ან სამეზობლოში, იგი უფრო აწყობილია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი რუსეთში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
კითხვაზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეიცვლება თუ არა უსაფრთხოების არქიტექტურა, სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის, აუცილებელია „მთავრობის აქტიური საქმიანობა, მათ შორის, სპეცსამსახურების და დალაგებული სამეზობლო პოლიტიკა“.
„ის, რაზეც ნახევარი საუკუნის მანძილზე იდგა მთელი მსოფლიო, ის შეთანხმებები აღარ არსებობს. არქიტექტურა რაღაც აბსტრაქტული მცნება ხომ არ არის?! ის ეყრდნობოდა 10-ზე მეტ მსხვილ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში - მათ აღარ ჩამოვთვლი. ფაქტობრივად, ყველა გაუქმებულია, გარდა ბირთვული იარაღის გავრცელებისა. სხვა შეთანხმება საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთსა და დასავლეთს შორის აღარ არსებობს. ეს რეალობაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ, მთავრობის აქტიური საქმიანობა, მათ შორის, სპეცსამსახურების და დალაგებული სამეზობლო პოლიტიკა“, - განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას და მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო სხვისკენ ხელის გაშვერას ცდილობენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ამოწმებენ, აქვთ თუ არა კავშირი უკრაინის სპეცსამსახურებს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.