საკონსტიტუციო ცვლილების მიზანია, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიზნად ისახავს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას, - ამის შესახებ ანტიპროპაგანდისტულ კანონზე საუბრისას ანრი ოხანაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები „გაგრძელებაა 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების, კერძოდ, კონსტიტუციის მოქმედი 30-ე მუხლის, რომელიც ქორწინების დეფინიციას შეეხება.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლს კიდებ 8 პუნქტი დაემატება, რომელიც სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს, შვილად აყვანის საკითხებსა და ქორწინების ზუსტ დეფინიციას განსაზღვრავს.
აღნიშნული ცვლილებების პროექტით, ოხანაშვილმა ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე ისაუბრა.
„უნდა შევთანხმდეთ სრულიად საზოგადოება დავუშვათ თუ არა პროპაგანდირება სკოლაში, საბავშვო ბაღში - ეს არის არასრულწლოვანთა ინტერესები. მათ სჭირდებათ დაცვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პროპაგანდის წარმოება დაუშვებელია, ამის აკრძალვა მოხდება. შესაბამისად, ბაღებსა და სკოლებში არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროპაგანდა შეიტანოს“, - განმარტა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. შესაბამისად, საჭიროა, ოპოზიციის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ.
„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.