სოზარ სუბარი: ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, პიროსის გამარჯვება და საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი 

სოზარ სუბარი: ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, პიროსის გამარჯვება და საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი 

„საქართველოში ფინანსები შემოდის დასავლეთიდან და არა მხოლოდ დასავლეთიდან. ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ან ევროპის გავლით რუსული ფულით ფინანსდება. თუმცა, როდესაც დასავლური დაფინანსება ხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობისათვის აუცილებელია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი „გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის“ მსგავსი კანონის მიღება.

სოზარ სუბარის თქმით, დასავლეთის მხრიდან იყო მცდელობა იმის, რომ ხალხს დაეჯერებინა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მავნებლობის, თუმცა ამ მცდელობამ, საბოლოოდ აჩვენა ის, რომ რადიკალური ოპოზიცია მოქმედებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციის ქმედებას, „ხალხის ძალის“ ლიდერის თქმით, ფარდა აეხადა და ახლა მოსახლეობას მათი ტყუილების აღარ სჯერა. 

„უტიფრები, თავხედები და მატყუარები არიან ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ამიტომაცაა მათი ნდობა ქართულ საზოგადოებაში დასულია ნულის დონეზე. რაც შეეხება კანონს, დიახ ეს კანონი (საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი „გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის“ მსგავსი კანონი) გვჭირდება იმიტომ, რომ პირველ რიგში, თუ ვინმეს ცუდი მიზნები აქვს საქართველოში, ამის შესახებ ვიცოდეთ და მეორე, ხალხმა იცოდეს კარგი მიზნების შესახებაც. საქართველოში ფინანსები შემოდის დასავლეთიდან და არა მხოლოდ დასავლეთიდან. 

ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ან ევროპის გავლით რუსული ფულით ფინანსდება. თუმცა, როდესაც დასავლური დაფინანსება ხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ. მადლობას ვეტყვით ორგანიზაციას, რომელიც ვთქვათ, იტყვის, რომ დააფინანსებს მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის პროექტს, ან დაეხმარება უქონელ ბავშვებს, ან გასცემს სხვადასხვა დაავადებული ბავშვებისთვის გრანტებს და ა.შ. მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ ვინ აფინანსებს ტრენინგებს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, ესწრება თუ არა ამ ტრენინგებს აშშ-ს ელჩი (ამ შემთხვევაში ეჭვი გვაქვს ყოფილ ელჩზე, კელი დეგნანზე, რომელიც ესწრებოდა აკერმანის ტრენინგებს ბაკურიანში), ფინანსდება თუ არა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ფულით ისეთი ტრენინგები, სადაც ასწავლიან ახალგაზრდებს როგორ შეიჭრან პარლამენტში ბულდოზერების გამოყენებით, როგორ ესროლონ „მოლოტოვის კოქტეილები“ პოლიციელებს, როგორ დაწვან პოლიციის მანქანები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, რათა მადლობა ვუთხრათ მეგობრებს, იმ ორგანიზაციებს და დონორებს, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ და ისიც უნდა ვიცოდეთ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ვინ ცდილობს. 

გასული წლის მარტში ძალიან ცუდი იყო ის, რომ ხალხს დააჯერეს თითქოს არასწორი რამ კეთდებოდა. ადამიანებმაც დაიჯერეს ეს ისე, რომ არც წაუკითხავთ კანონი. ესეც იმიტომ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი ივიწყებდა იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა, საზარელ სისხლისღვრას, ომს და დღეში სამჯერ ბრიფინგს ატარებდა უწყინარ, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან საჭირო კანონის თემაზე. ხალხმა დაიჯერა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა და 7 და 8 აპრილის გამოსვლების შემდეგ, გადაწყდა კანონპროექტის გაწვევა. თუმცა, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იყო პიროსის გამარჯვება მაშინდელი ოპოზიციისთვის და რადიკალური NGO-ებისთვის, იმიტომ, რომ ზუსტად ამ უკან დახევამ მოგვცა საშუალება ფარდა ჩამოგვეხსნა მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის. მას შემდეგ ხალხი ასე ადვილად არ იჯერებს მათ ტყუილებს და კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ეს იყო პიროსის გამარჯვება - ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ მუხტი გასული წლის ბოლოსათვის, რათა თუ საქართველო არ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ეს დაებრალებინათ ხელისუფლებისათვის, რის შემდეგაც გეგმავდნენ გამოეყვანათ ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდნენ, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, გამოუვიდათ პიროსის გამარჯვება და ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.