დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ

დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ" თანხების ხარჯვის თაობაზე  ინფორმაციას გვაწვდის

„სავსებით შესაძლებელია ვერ გავუძლოთ დასავლეთის წნეხს ისეთი კანონის მისაღებად დაბრუნების თვალსაზრისით, რომელიც საფრანგეთში იქნა მიღებული და რომელსაც საოცრად ნაცნობი და ერთხელ უკვე „სადღაც" გაგონილი სახელწოდება აქვს: „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". დღეიდან საფრანგეთს უკვე გაცხადებულად ეცოდინება, ვინ, რა მიზნით და რა ოდენობით აფინანსებს საკუთარ ქვეყანაში ამა თუ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, დღეიდან საფრანგეთს უკვე გაცხადებულად ეცოდინება, ვინ, რა მიზნით და რა ოდენობით აფინანსებს საკუთარ ქვეყანაში ამა თუ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს და როგორც ჩანს, საქართველოსაც მოუწევს სააშკარაოზე გამოიტანოს მსგავსი დაფინანსებები.

„ინტუიცია მკარნახობს, რომ დასავლეთის ზეწოლას ყველაფერში ვერ გავუძლებთ და ჩვენი მხრიდანაც საჭირო გახდება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. ამ დათმობების რიცხვს, რა თქმა უნდა, არ განეკუთვნება ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციული ფასეულობებისა თუ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროები.

თუმცა, სავსებით შესაძლებელია ვერ გავუძლოთ დასავლეთის წნეხს ისეთი კანონის მისაღებად დაბრუნების თვალსაზრისით, რომელიც საფრანგეთში იქნა მიღებული და რომელსაც საოცრად ნაცნობი და ერთხელ უკვე „სადღაც" გაგონილი სახელწოდება აქვს: „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". დღეიდან საფრანგეთს უკვე გაცხადებულად ეცოდინება, ვინ, რა მიზნით და რა ოდენობით აფინანსებს საკუთარ ქვეყანაში ამა თუ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

როგორც ჩანს, საქართველოშიც მოგვიწევს სააშკარაოზე გამოვიტანოთ არა მხოლოდ აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსური კალაპოტებით შემოდინებული თანხების „კეთილსინდისიერება" და მიზნობრიობა, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანელების მიერ, ვთქვათ, შიიტური, ან თურქეთის მიერ - სუნიტური მიმდინარეობების „მონეტიზირება". ბევრს ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ეს კანონი შეეხება, ასევე, რუსეთის საგარეო უწყებისა თუ მოსკოვის მერიის ხაზით დაფინანსებულ ათობით ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში „თანამემამულეებთან კავშირის" ეგიდით წლობით ფუნქციონირებენ სრული ფინანსური გაუმჭვირვალობის პირობებში.

ასე რომ, შევეგუოთ ამ ზეწოლას და რა გაეწყობა... დიდი ალბათობით, დავნებდებით. სულ ხომ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც სისტემატურად და კეთილსინდისიერად გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ" თანხების ხარჯვის თაობაზე. ამერიკული კანონმდებლობა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა კუთვნილებაა და წურბელებივით როდემდე ვსარგებლობდეთ ამ „ქველმოქმედებით". ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს - მიგვანიშნებენ დღეს ამაზე ფრანგები და ჩვენც იძულებები ვხდებით, დავეთანხმოთ...“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.