მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ჩვენ უკვე ვთამაშობთ მოწინავე ქვეყნებთან, უკვე ვთამაშობთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე და ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ამ გუნდს მეტის პოტენციალი და რესურსი აქვს, - ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა ფეხბურთელებს და მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს გუნდის მხარდაჭერისთვის.
„ყველაზე მეტად გაერთიანდა ქვეყანა. ეს დადებითი მუხტი გადაეცა ჩვენს ნაკრებს და შედეგზეც აისახა“, - აღნიშნა მუჯირმა. მან ასევე ევროპის პირველობაზე გუნდის შანსებზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ვილი სანიოლის მეთაურობით შეძლებს ეს გუნდი კვლავ გადააწყოს იმაზე, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და უკვე ევროპის ჩემპიონატზე შევძლოთ გულშემატკივრის გახარება. დარწმუნებული ვარ, [ევროპის ჩემპიონატზე] ჯგუფშიც შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ვიბრძოლოთ ფლეი-ოფში გასასვლელი ადგილისთვის. ერთადერთი დებიუტანტი ვართ ევროპის ჩემპიონატზე 2024 წელს და შევეცდებით რომ როგორც დებიუტანტებმა მრავალი სენსაცია შევთავაზოთ გულშემატკივარს“, - განაცხადა მუჯირმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.