საქართველო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს მეტ ქვეყანასთან, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა ნებისმიერი ერთ ქვეყანაზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს.
„შესაბამისად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნები, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს. ხომ ასეა? ანუ, სხვაგან თუ მიდიხარ და სავაჭრო ურთიერთობებში ებმები, რომელიმე ქვეყანაზე, მით უმეტეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს ამცირებ. მაგალითად, ჩინეთთან რომ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ღრმად შევდივართ და სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ეს ამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას თუ ზრდის? - კითხულობს მდინარაძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება მეტ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს.
„ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ფრენების გახსნა, უვიზო მიმოსვლა ხომ გააძლიერებს ნარატივს, რომ ჩვენ რომელიმე ქვეყანაზე, მით უმეტეს რუსეთზე დამოკიდებულებას გაცილებით შევამცირებთ? ამას ჩვენ ვაკეთებთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობით, ევროკავშირთან ურთიერთობით, ჩინეთთან ურთიერთობით. და კიდევ დამატებით შესაძლებლობების რამხელა ფანჯარა იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და არა თუ რუსეთზე, ნებისმიერ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ვამცირებთ. არცერთ ქვეყანაზე ასე დამოკიდებული და ჩამოკიდებული არ უნდა იყო. უნდა გქონდეს შენი ეროვნული, სწორი, დამოუკიდებელი ინტერესი, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ინტერესის შესაბამისად უნდა იმოქმედო“, - განაცხადა მდინარაძემ.