რაც მე საჯაროდ მოვისმინე, აქ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, - ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციის მიერ ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის მხარის არ დაჭერის შესახებ.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩანაწერი ყველა რეზოლუციაშია და მე არ მგონია, რომ ახლა ვინმეს ჰქონდეს ის მოსაზრება, რომ მხარი არ დაუჭიროს ასეთ რეზოლუციას. აქ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, რაც მე საჯაროდ მოვისმინე“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
მომხდარის გამო ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ შეძახილებით „მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“.