მათი მესიჯია, აბა, ერთი გაბედეთ და იკითხეთ, საიდან ფინანსდება ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა? - ამ რეჟიმში არიან და ძალიან საშიშ თამაშში შემოდიან. მე ყველას ვაფრთხილებ, ნუ შემოდიან ასეთ თამაშში, რადგან ქართველი ხალხი ისე კარგად განსჯის ყველაფერს, რომ მათ პარლამენტში პოლემიკა არ დასჭირდებათ და ამასთან დაკავშირებით შედეგებს, მათ შორის, არჩევნებზე მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თემაზე პოლიტიკოსებიც ნიშნის მოგებით საუბრობენ. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ამოსაცნობად რთული, ძალიან გასაკვირი ტენდენციაა, თუ რატომ ააქტუალურებენ ნიშნის მოგებით ამ თემას.
„შარშან ამერიკულ კანონს რუსული დაარქვეს. წელს კითხვა დავსვით დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამას ანტიამერიკული კამპანია დაარქვეს. ქართველმა მოქალაქემ ჯერ კიდევ არ იცის და მას წარმოდგენა არ აქვს, რაში მიდის დაფინანსებები. ერთია კარგი მხარე - ჩვენ ვიცით, რომ მეგობარი და არამეგობარი ქვეყნებიდან, გახსოვთ რუბლებით დაფინანსების შემთხვევები და ასე შემდეგ, დაფინანსება მიდის რაღაც მიმართულებებით. რა თქმა უნდა, მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებები უამრავი კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიდის და გარკვეული თანხა კარგ საქმეს ხმარდება, მაგრამ ჩვენ ამომწურა ინფორმაცია იმაზე, რაც დამალულია და დიდი პროცენტი დამალულია, რას ხმარდება თანხები, არ გვაქვს.
მათი ნიშნის მოგება და ასეთი ტონი, გაურკვეველია - დაფინანსებაზე ცოტა აგდებით საუბრობენ და ანტიამერიკული კამპანია დაარქვეს კითხვის დასმას. მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზიები აქვთ ქვეყნებს და მათთან დაკავშირებულ კითხვებზე, თუ მათი დონორი ორგანიზაციების შესახებ კითხვები დაისმება რომელიმე ქვეყანაში, ამას ანტიდასავლურ კამპანიას არქმევენ.
ნიშნის მოგების კამპანია ცოტა უცნაურად ჩანს. ალბათ, ეს მესიჯი აქვთ - აგერ ჩვენ, ვისაც გვინდა, ვაფინანსებინებთ თავს, თქვენ აზრზე არ ხართ, მოქალაქეები აზრზე არ არიან, ჩვენ რაშიც გვინდა, იმ მავნებლობაში ვიღებთ ფულს. მერე, პირდაპირ თუ ირიბი მუქარის შემცველ მესიჯებსაც გავახმოვანებთ და აბა, ერთი გაბედეთ და შეეხეთ ამ თემას. ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერ სემინარს დავაფინანსებთ და აბა, ერთი გაბედეთ და მოიკითხეთ, საიდან დაფინანსდა. თავად თქვეს, რომ დააფინანსა გაეროს განვითარების ფონდმა და ეს იყო ანტირუსული კამპანიის დაფინანსებაო. გაეროს განვითარების ფონდმა სხვა რამ თქვა - უფლებებს შეეხებოდაო. სინამდვილეში წინასწარ ინფორმაცია, თქვენგან, ჟურნალისტებისგან, მესამე ვერსიასთან დაკავშირებული იყო, რომ ეს თურმე, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას შეეხებოდა.
მათი მესიჯია, აბა, ერთი გაბედეთ და იკითხეთ, საიდან ფინანსდება ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა? - ამ რეჟიმში არიან და ძალიან საშიშ თამაშში შემოდიან. მე ყველას ვაფრთხილებ, ნუ შემოდიან ასეთ თამაშში, რადგან ქართველი ხალხი ისე კარგად განსჯის ყველაფერს, რომ მათ პარლამენტში პოლემიკა არ დასჭირდებათ და ამასთან დაკავშირებით შედეგებს, მათ შორის, არჩევნებზე მიიღებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.