„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღების საკითხს არ უბრუნდებიან, როგორც ეს მმართველმა გუნდმა შარშან თქვა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასრულებენ თავიანთ პირობას იმის შესახებ, რომ მათი ფინანსები უფრო გამჭვირვალე გახდებოდა.
მდინარაძის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ითხოვს იმას, რომ ენჯეოებმა დონორებისგან მიღებული ფულით უკანონობა არ ჩაიდინონ და ამისთვის არის საჭირო მეტი გამჭვირვალობა.
„ჩვენ შარშან უარი ვთქვით ამერიკული აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე და ვთქვით, რომ ამ საკითხს არ ვუბრუნდებით. მათ კი თქვეს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და კიდე უფრო გამჭვირვალე იქნება. რამე იცით მეტი, ვიდრე შარშან იცოდით? შარშანაც არაფერი ვიცოდით, წელსაც არაფერი ვიცით გარდა პოზიტიური პროექტებისა, რომელსაც რა თქმა უნდა აპიარებენ. სასამართლოსთან დაკავშირებული თანხები დისკრედიტაციისკენ მიიმართება თუ სასამართლოს რამეში ეხმარებიან - ამაზე რამე ვიცით? მე მაგალითად ვიცი, საქართველოში სასამართლოს დისკრედიტაციას რომ ასეულობით თუ არა ათეულობით მილიონი დოლარი უკვე მოხმარდა. რამდენი მიიღეს თანხა თქვან, რამდენი ტრენინგი ჩატარდა, რამდენი პოზიტიური გზავნილი იყო რაც კარგი მოხდა სასამართლოში. ამბობდნენ ცუდს „რუსთავი 2“-ის საქმეზე, გვარამიას საქმეზე და ა.შ. ყველა ეს საქმე სტრასბურგში ან არ გასაჩივრდა, ან მოგებულია და ფორმალურ დარღვევებზე იყო ერთი ორი შემთხვევა 10000 ლარიანი ჯარიმით რომ გამოვიდნენ. ყველა საქმე წააგეს სტრასბურგში. ჩვენ ვამბობთ რომ თემას არ ვუბრუნდებით, ისინი ამბობენ რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება, მაგრამ არ ასრულებენ პირობას. შეასრულონ პირობა და თქვან, სად მიდის ეს ფული. რატომ უმალავენ ხალხს? ზოგ პარტიას და ენჯეოს სახელიც ერთი ჰქვია და მეტი ლუსტრაცია არ ვიცი. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ამ ფულით არ ჩაიდინონ უკანონობა - საქართველოს წინააღმდეგ, ბავშვების მორალის წინააღმდეგ, ქართული იდენტობის წინააღმდეგ, ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ არ დაიხარჯოს ეს ფული და აქ იყო ს გამჭვირვალობა“, - განაცხადა მდინარაძემ.