„მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“ - ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევრონესტზე პროევროპულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს.
აეროპორტში შეკრებილები გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციონერებს ეკითხებოდნენ, რა თანხა აიღეს მათ ოკუპანტი რუსეთისგან იმის სანაცვლოდ, რომ რეზოლუციაზე ხელი არ მოეწერათ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვება პოლიციის თანხლებით მოუხდათ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.